სუს-ი - შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ნიკა გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე რეკომენდაცია მიეცა, შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე
სუს-ი - შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ნიკა გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე რეკომენდაცია მიეცა, შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმყოფებოდა.

როგორც სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ განაცხადა, განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გვარამიას მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

სუს-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე და გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც.

„კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია. მას გარკვეული სახის ინფორმაცია მიეწოდა. ჩვენ მიერ მიეცა რეკომენდაცია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა, არსებობდეს რეალური საფრთხე. გამოძიების ინფორმაციითვე, შესაძლებელია, ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“,- განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ.