სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენილ 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებისა და აღნიშნულის ფონზე, მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში, მოიცავდა იმ საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, რომლებიც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო პოტენციალის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების ხელყოფისკენ. აღნიშნულ პროცესში სამსახურის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების, მათი ეგიდით მოქმედი ორგანიზაციებისა, თუ ცალკეულ პირთა დამაზიანებელი ქმედებებისგან სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვა და საზოგადოების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში თანაცხოვრების უზრუნველყოფა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და დესტრუქციული ქმედებებისა და მცდელობების, პროვოკაციული ღონისძიებებისა და გეგმების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, მათთან შესაძლო კავშირში მყოფი და აღნიშნულ პროცესებში ჩართული ძალებისა, თუ ცალკეული პირების დადგენას და მათგან მომდინარე კანონსაწინააღმდეგო აქტივობების პრევენცია-აღკვეთას“, – ნათქვამია ანგარიშში.
მათივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სამსახურის მიერ გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები.
„მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების და ჯგუფების გამოვლენა-დადგენა, მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა. აღნიშნული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექნიზმები.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცა 133 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე, ხოლო 14 მათგანს, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე, უარი ეთქვა აღნიშნული ნებართვის მიღებაზე. ამავე დროს, წლის განმავლობაში, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება განხორციელდა 58 ორგანიზაცია-დაწესებულებაში. 5 274 ფიზიკურ პირზე განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემოწმების პროცედურა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
გარდა ამისა, სუს-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოზე გავლენის ბერკეტების მოპოვება-გაძლიერებით დაინტერესებული გარე აქტორები საკუთარი იდეოლოგიური, რელიგიური და ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზებისთვის, სხვა რესურსებთან ერთად, იყენებდნენ მათდამი მატერიალური ან/და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე, საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს.
„მოპოვებული ინფორმაციისა და ფაქტობრივ მასალათა საფუძველზე, სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2021 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 10 საქმეზე. სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე. ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია, ქვემდებარეობით, იგზავნებოდა სხვა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე. საქართველოს უსაფრთხოების გარემოს დაზიანებით დაინტერესებული ძალები, საკუთარი აქტივობების განხორციელებისას, მიზნად ისახავდნენ საქართველოს ურთიერთობების დაზიანებას სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანას, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და მუდმივი დაძაბულობის ხელშეწყობას. მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე, მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისკენ. აღნიშნულით დაინტერესებული ძალები, სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, ასევე ე.წ. რბილი ძალისა და ფარული ოპერაციების გამოყენებით, ცდილობდნენ საკუთარ ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის საზოგადოებაში გავრცელებას“, – აცხადებენ სუს-ში.
ამავდროულად, სუს-ის ცნობით, 2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია.
„აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის, სოციალური ქსელები, ვებგვერდები, ინტერნეტტელევიზია, ტელემაუწყებლობა), აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას. საანგარიშო პერიოდში, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირის მქონე ძალების მხრიდან საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვების და აღნიშნულ პროცესებში ჩართვის მცდელობები. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული მუხტის მათი ინტერესების შესაბამისად წარმართვა, მათ შორის ქვეყანაში სხვადასხვა დესტრუქციული პროცესების პროვოცირებისთვის. ხშირ შემთხვევაში, მკვეთრად უტრირებული ფორმით გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული პროცესებისა, თუ მოვლენების შესახებ, ემსახურებოდა მოსახლეობის დაშინებას, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას, ამა თუ იმ საკითხის გარშემო საკუთარი ინტერესების შესაბამისად პროტესტის ხელოვნურად გაღვივებას, პოლარიზაციის გაღრმავებას და ყოველივე აღნიშნულით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი პროცესების ხელშეწყობას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.