სუს-ი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხაზს უსვამს სუს-ის, როგორც მთავარი უწყების მნიშვნელოვან წვლილს
სუს-ი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხაზს უსვამს სუს-ის, როგორც მთავარი უწყების მნიშვნელოვან წვლილს

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია იყო მშვიდი და სტაბილური და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2022 წელს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ ყოფილა იდენტიფიცირებული ტერორისტული აქტივობებისთვის სირიაში ან ერაყში გამგზავრების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი უწყების მნიშვნელოვანი წვლილი:

„საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული და მისი კონტრტერორისტული დანაყოფი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რეგულარული ტრენინგებისა და აღჭურვილობის მიღებას და ახორციელებს შიდა წვრთნებს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ დაიწყო თავისი მეორე, 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება მას შემდეგ, რაც დასრულდა 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა. ქვეყანამ შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების საფრთხისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სათანადოდ ახდენს ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების კრიმინალიზაციას, მათ შორის, ისეთი ქმედებების, როგორებიცაა: ტერორიზმის დაფინანსება, კიბერტერორიზმი, წვრთნა, ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირება, აგრეთვე, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების გადაადგილება.

ანგარიშში ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებები, მათ შორის, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრებისა და სირიასა და ერაყში ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, ამავე ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი მეთაურის, ცეზარ ტოხოსაშვილის ძმის, ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება. ამასთან, საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იმ ხუთი პირის მსჯავრდებულად ცნობის შესახებ, რომლებიც სამსახურმა 2021 წლის აგვისტოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობისა და სირიაში ტერორისტულ ბანაკში გამგზავრების დაგეგმვისთვის დააკავა.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთის ფაქტს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ქვეყანამ გააგრძელა მუშაობა სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში მონაწილეობის გზით.

დოკუმენტში პოზიტიურადაა ასახული 2023-2027 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიის შემუშავებისა და, საჰაერო გადამზიდველებთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემის ამოქმედების საკითხი.

ანგარიშში დადებითაა შეფასებული სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები, ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე პირველადი რეაგირების განხორციელების კუთხით.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, უწყებებმა გაზარდეს უსაფრთხოების ზომები და გააძლიერეს საზღვრის დაცვა. ამასთანავე, ანგარიშში საუბარია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა (NATO) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფი ცნო NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საზღვაო ანტიტერორისტული ოპერაციის, „ზღვის მცველის“ ოპერატიულ პარტნიორად. აღნიშნულია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი და საანგარიშო პერიოდში გახდა ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) ტერორიზმის დაფინანსების მიდევნების პროგრამის წევრი, ხოლო საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი.

ანგარიშში ხაზი აქვს გასმული, რომ საქართველომ დააფუძნა ახალი კომისია, რომელიც მიზნად ისახავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საფრთხისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც ორიენტირებული იყო უმცირესობების ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიის ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე.

დაბოლოს, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, გაერო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთო-სთან, ინტერპოლთან და სხვა ორგანიზაციებთან. 2022 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს, ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატო-ს ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის, ევროპის საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის მერვე სხდომაში. ქვეყანა გაწევრიანდა ევროპოლის კონტრტერორისტულ ერთობლივ მეკავშირე ჯგუფში“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული.