სუს-ი - 2020 წლის განმავლობაში გატარდა პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდაში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა
საქართველოს მიერ ტერორიზმისა და ექსტერმიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
„საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებდა, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებდა საერთაშორისო ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას, ტერორიზმის საწინააღმდეგო პრევენციული სახის აქტივობებს, ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების გაუმჯობესებას.
საქართველოს მიერ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების კუთხით წამყვანი უწყება, კარგად აღჭურვილი და მომზადებულია. დოკუმენტში აღნიშნულია ტერორიზმის შემთხვევებზე სახელმწიფოს ეფექტურად რეაგირების, გამოვლენისა და შეკავების შესაძლებლობები.
ქვეყნის კონტრტერორისტული საქმიანობა დადებითად არის შეფასებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშშიც, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო სათანადო ყურადღებას უთმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა, სახელმწიფოს მიერ შესაბამის სიაში დაკავებული პოზიცია, 2019 წელთან შედარებით, 10 საფეხურით გაუმჯობესდა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა „დაეშის“ ერთ-ერთი მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის უკრაინაში დაკავება და მისი ექსტრადირება. ტოხოსაშვილს საქართველოს სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„საქართველოში არ დაფიქსირებულა კერები, სადაც მიმდინარეობდა ექსტრემისტული იდეოლოგიის აქტიური გავრცელება, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც, ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდაში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. ასევე, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების არც ერთი ფაქტი. 2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობდა სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიებას. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა როგორც ახალგამოვლენილი დანაშაულის ფაქტებზე, ასევე გასულ წლებში დაწყებულ საქმეებზე“ – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.