სუს-ი - ერგნეთში შეხვედრა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს
მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს.
„მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკთხების ამოღება მოითხოვეს. აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.