სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მცირე ბიზნესის სტატუსი იცვლება
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მცირე ბიზნესის სტატუსი იცვლება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მცირე ბიზნესის სტატუსი იცვლება და ახლებურად ყალიბდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისთვის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

დღეს მოქმედი კანონით, მცირე ბიზნესი იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობაა, რომლის წლიური ბრუნვა 200 000 ლარს არ აღემატება. კომიტეტი განმარტავს, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების შედეგად, მეწარმე სუბიექტები აღარ არიან ვალდებულნი, საგადასახადო უწყებაში წარადგინონ წლიური საგადასახადო დეკლარაციები, რის გამოც, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის წლიური ბრუნვის ოდენობა.

შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა და საჯარიმო სანქციების გამოყენების დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო აღარ ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას.

ცვლილებებით ახლებურად განისაზღვრება, რომ მცირე ბიზნესია იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც სარგებლობს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის (გარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის), ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით.

კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ ცვლილებებით დარეგულირდება ვეტერინარულ საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოხდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორების განსაზღვრა და სააგენტოს ექნება შესაძლებლობა, ზუსტად დააიდენტიფიციროს აღნიშნული ბიზნესოპერატორები.