სურსათის სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვადაგასული, ასევე ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
სურსათის სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვადაგასული, ასევე ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებიდან ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო.

სააგენტოს ინფორმაციით,  თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები; სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ.

სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრათ.

ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამოღებულია ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ. გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას აცნობა.