სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 25 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამსახურებმა, როტაციის პრინციპით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონაში და მაგისტრალზე არსებული 50 ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო 25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეგულარულად ამოწმებს.