შპს „ახალი ხორციდან“ საეჭვო წარმომავლობის პროდუქცია ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხორცის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს და შპს „ახალ ხორციდან“ საეჭვო წარმომავლობის პროდუქცია ამოიღეს.

უწყების ცნობით, დოკუმენტური შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოვლინდა ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

სააგენტოს ინსპექტორებმა 400 კგ ხორცი დალუქეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეს დაევალა ხორცის განადგურება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები განახორციელებენ.

საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით).