სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის ექვს ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.
„შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ექვს ბიზნესოპერატორს (ხუთ ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“). ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“, – აცხადებენ სეს-ში.