სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ცხოველთა შვიდ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ცხოველთა შვიდ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაკლაოებში 302 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა. შემოწმებისას სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 20 ბიზნესოპერატორი, მათ შორის შვიდს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და მიეცა რეკომენდაციები. ძირითადი შეუსაბამობა, რომელიც ობიექტებში აღინიშნა, ჰიგიენური ნორმების დარღვევაა.
„სასაკლაოები მაღალი რისკის ობიექტებს მიეკუთვნება, რის გამოც გეგმური შემოწმებების სიხშირე რისკის ანალიზის გათვალისწინებით განისაზღვრება; ამავდროულად, მიმდინარეობს არაგეგმური კონტროლიც. შესაბამისად, სასაკლაოების შემოწმება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქტიურად მოწმდება, რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის: საწარმოს მოწყობა; ფიზიკური და ბიოლოგიური საფრთხეების აღმოფხვრა; შენობის და ინვენტარის დასუფთავება და დეზინფიცირება; სურსათის სათანადო ტემპერატურით დამუშავება და შენახვა; ობიექტის წყლის და კანალიზაციის სისტემებით უზრუნველყოფა; ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ნარჩენების მართვა; ვენტილაცია; შენობის მდებარეობა და ა.შ“, – აცხადებენ სეს-ში.
სასაკლაოებში 2015 წლიდან სავალდებულოა დანერგილი იყოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. სურსათის ეროვნული სააგენტო სასაკლაოების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით სულ 126 სასაკლაო ფუნქციონირებს.