სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრიდან გადაჭარბებული ცხიმის შემცველი პროდუქტები ამოიღო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სარეალიზაციო ნაწარმიდან გადაჭარბებული ცხიმის შემცველი პროდუქტები ამოიღო. შემოწმებული 136 ნიმუშიდან ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრანსცხიმების მაღალი ოდენობა 10 -მდე შემთხვევაში გამოვლინდა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ პირველი არხისთვის მიწოდებული კვლევის შედეგებიდან ჩანს, დარღვევა გამოვლინდა ისეთ პროდუქტებში, რომლებსაც ბავშვებიც მოიხმარენ.
100 გრამ მცენარეულ ცხიმში ტრანსცხიმები 2 გრამს აჭარბებდა შემდეგ მწარმებელ და იმპორტიორ კომპანიებში:
ესენია: შპს “ათინათი”- აწარმოებს მცერანერულ ცხიმზე დამზადებულ რძის ნაწარმს ( დარღვევა მის მიერ წარმოებულ სამი სახეობის პროდუქტში აღმოჩნდა), ტრანსცხიმის გადაჭარბებული რაოდენობა იყო “კონდიტერის” ორცხობილა “ხრაშუნასა” და ნამცხვარ “ბანანში, ნაყინ “აისბერგში”, საკონდიტრო “ვესტ ჯორჯიან ბეიქერის” ნამცხვარ “ბომბორაში”,საკონდიტრო “ნარცისის” ორცხობილაში და რუსული წარმოების “იაშკინოს“ ვაფლში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქცია ბაზრიდან უკვე ამოიღეს, ახალ პარტიებში კი ტრანსცხიმების შემცველობის სტანდარტები დაცულია.
ტრანსცხიმების შემცველობაზე პროდუქტების შემოწმება სურსათის სააგენტომ გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ამ დრომდე 136 ნიმუში შემოწმდა. წელს კიდევ 210 ნიმუშის შემოწმებაა დაგეგმილი. ნიმუშებს სწრაფი კვების ობიექტებიდან და საბავშვო ბაღებში არსებული საკვებიდანაც აიღებენ.
რეგულაციით სურსათში ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.
7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სურსათში კი ტრანსცხიმის შემცველობა საერთოდ არ უნდა ფიქსირდებოდეს.