სურსათის ეროვნული სააგენტო - საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება
საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზამთროსა და ნესვში ნიტრატები შემცველობაზე სარეალიზაციო ბაზარზე კვლევას ახორციელებენ. მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა, დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 70-მდე ნიმუშის აღება. ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრიტები და ნიტრატები დაშვებულ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება.