სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია, მიმდინარეობს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები.
„მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.
ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.
ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.