სურსათის ეროვნული სააგენტო - კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები.
„გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.