სურსათის ეროვნული სააგენტო - იმერეთში, 42 ვეტერინარულ ობიექტში დარღვევები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იმერეთის რეგიონში ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები და ზოომაღაზიები შეამოწმეს.
სახელმწიფო კონტროლი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ 98 ობიექტში განხორციელდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, რეგისტრაციის არქონა. დარღვევების გამო 42 ობიექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრა (შემოწმებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).
„ფერმერებისა და შინაური ცხოველების მეპატრონეთა ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით კონტროლს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად განახორციელებს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, ვეტერინარული პრეპარატების შეძენისას ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს, მასზე მითითებულ ვადასა და გამოყენების წესს. ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს – 15 01“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.