სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, იგეგმება ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი ცენტრების მშენებლობაც
სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, იგეგმება ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი ცენტრების მშენებლობაც

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ განაცხადა.

მისი თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტები დაინერგება.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართვლოს მთავრობა, ჩინეთთან თანამშრომლობის შედეგად, კიდევ რამდენიმე ფსიქიატრიული დაწესებულების გახსნას გეგმავს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ამ კუთხით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკვე რეალურად დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებში მოუწევთ პაციენტებს ყოფნა. ასევე, ზუსტად ერთი თვის წინ გახსნილ იქნა ქვიტირის ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, უკვე რატიფიცირებულ იქნა ხელშეკრულება ჩვენი მთავრობის მიერ და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სენაკსა და თელავში გაიხსნას ფსიქიკური ჯანდაცვის ახალი ცენტრები, რომლებიც იქნება მრავალფუნქციური და არ იქნება სტაციონარი. ამ დროისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ“, – განაცხადა მაია ლაგვილავამ.