სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული სიტუაციის შესახებ ტექნიკური შეფასების დოკუმენტი მიმდინარე კვირაში მომზადდება
სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული სიტუაციის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი ტექნიკური შეფასების დოკუმენტს კვირის ბოლომდე წარმოადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში ასახული იქნება დაწესებულებაში ინფრასტრუქტურული, კლინიკური და ფინანსური მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რის საფუძველზეც სამინისტრო გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას დაიწყებს.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დაკომპლექტებულია ფსიქიატრიული დარგის ექსპერტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებით, შემუშავდება დარგის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლომდე წარედგინება მინისტრის სათათბირო ორგანოს -„ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელ საბჭოს“.
სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დროებითი მმართველი 12 მარტს, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაინიშნა. ნინო ლომჯარიამ კლინიკაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის“ თანახმად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპებად აღიარებულია ფსიქიატრული სერვისების გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა, სათემო სერვისების განვითარება, სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია და მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული სისტემის შექმნის უზრუნველყოფა.
თუმცა, სამინისტროს ცნობით, არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ შორისაა აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სურამის დაწესებულებაში არსებული სიტუაცია.