ნინო ლომჯარია სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების სარემონტო სამუშაოებსა და პაციენტების პირობებს გაეცნო
ნინო ლომჯარია სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების სარემონტო სამუშაოებსა და პაციენტების პირობებს გაეცნო

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს სურამში იმყოფებოდა, სადაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებსა და სამუშაოების პროცესში პაციენტების პირობებს გაეცნო.

დაწესებულების ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელთა განცხადებით, შენობის რეაბილიტაცია ცენტრის სახსრებით მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები ივნისში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. მთლიანად შენობის რემონტისთვის 230 000 ლარამდე დაიხარჯება.

„ჩემი ვიზიტის მიზანი იყო, მენახა რა გაკეთდა და რა იგეგმება. ნამდვილად ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩატარებული. სურამის ფსიქიატრიული დაწესებულება არ არის ერთადერთი და განვაგრძობ სხვა დაწესებულებების მონიტორინგსაც. მოხარული ვარ, რომ ვხედავ შედეგს, რაზეც ვიმუშავეთ. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი კეთდება თანხებით, რაც იყო გამოყოფილი დაწესებულებისთვის და ირკვევა, რომ მონდომების შემთხვევაში, შესაძლებელია, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურული პრობლემები. უფრო მეტი მონიტორინგია საჭირო სამინისტროს მხრიდანაც მსგავსი დაწესებულებების, რათა შემოწმდეს, რამდენად მართლზომიერად და მიზნობრივად იხარჯება გამოყოფილი თანხები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარია სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებას მიმდინარე წლის მარტშიც სტუმრობდა. მაშინ მან დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოს გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებოდნენ. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული დგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. ამას სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების მენეჯმენტის ცვლილებაც მოჰყვა.