სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაციაზე შეზღუდვები დაწესდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკურ პირებს სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაცია ეკრძალებათ. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება.
„რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს ორი წლით. ახალი წესების თანახმად: იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია; ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა; ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია, მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%-ია) გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა.
დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში, (88%) იმ ფიზიკური პირების, ასევ კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული და შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი.
სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, ადგილი ჰქონდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტებს.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა, შემოღებულიყო რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს.