Sunday Times - რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი მოსკოვს კიბერთავდასხმით უპასუხებს
რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი მოსკოვს კიბერთავდასხმით უპასუხებს. ამ სათაურით სტატიას ბრიტანული გამოცემა „Sunday Times“-ი ავრცელებს. როგორც ჟურნალისტებს ანონიმურმა წყარომ უთხრა, ლონდონს არ გააჩნია შესაძლებლობა მოსკოვს წინააღმდეგობა ისე გაუწიოს, რომ ბირთვული არსენალი არ გამოიყენოს. ამიტომ, რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი აპირებს კრემლზე კიბერიერიში მიიტანოს.
ბრიტანული გამოცემა ამტკიცებს, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შესაძლებლობა, ლონდონში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნებმა განიხილეს.
Sunday Times-ი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ზომებს დიდი ბრიტანეთი იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ რუსეთი, მაგალითისთვის, მეზობელი ესტონეთის კუთვნილი კუნძულის ოკუპაციას შეეცდება.
„ეს ნაბიჯი მოსკოვმა, შესაძლოა, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გამოცდის მიზნით გადადგას. თუ მოსკოვი, მაგალითისთვის შეეცდება ესტონეთის კუნძულის ოკუპაციას ან დააპირებს დაამყაროს კონტროლი ლიბიის ნავთობის საბადოებზე და გამოიწვიოს ახალი მიგრაციული კრიზისი ევროპაში, ან გადაწყვეტს დაესხას თავს ბრიტანელ სამხედროებს და დაემუქროს ბრიტანულ ავიამზიდებს. ყველა ამ შემთხვევაში ლონდონი კრემლს კიბერიერიშით უპასუხებს. ჩვენ შეგვიძლია მოსკოვში ელექტროენერგია გავთიშოთ, რათა ისინი მიხვდნენ, რომ არასწორად იქცევიან“, – წერს Sunday Times-ი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოთხ ოფიცერს. მათ ბარალად დასდეს „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასა“ და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოზე კიბერიერიშის მოწყობა, ასევე უკრაინაში 2014 წელს ჩამოგდებული მალაიზიური ავიალაინერის საქმის დოკუმენტების მოპარვის მცდელობა. მოგვიანებით აშშ-მა კიდევ სამი რუსი დაადანაშაულა კიბერთავდასხმებში. მოსკოვი დანაშაულს უარყოფს.