სულხან სალაძე - საგამოძიებო კომისიამ გადაწყვეტილება სხვადასხვა პოზიციის გაანალიზების საფუძველზე უნდა მიიღოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, იდეალური იქნებოდა, რეკომენდაციებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიამ გადაწყვეტილება სრული კონსენსუსის შედეგად მიიღოს.
ეს განცხადება სალაძემ პარლამენტში გააკეთა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები გააცნო.
როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ბევრი ვერსია განიხილეს, რას შეუწყობს ხელს და რა ზიანი შეიძლება მოიტანოს აღნიშნული რეკომენდაციების მიღებამ.
„ვისურვებდი და ალბათ, იდეალური იქნებოდა, კომისიამ გადაწყვეტილება სრული კონსენსუსის შედეგად მიიღოს. იყო ბევრ ვერსიასა და ვარიანტზე საუბარი, რას შეუწყობს ხელს ახლა ამ რეკომენდაციის მიღება ან რა შეიძლება დააზიანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეხვედრა დახურული იყო, ღიად ამ შესაძლო რისკებზე ან პირიქით უკეთესი სცენარის განვითარებაზე ღიად საუბარს მოვერიდები, მაგრამ ფაქტია, ეს საკითხი განიხილება და იმედს ვიტოვებ, კომისია ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მე მოვისმინე როგორც მხარდამჭერი, ასევე უფრო რბილი პოზიცია და ვფიქრობ, ყველა მათგანი უნდა იყოს გაანალიზებული და ამის შემდგომ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მით უმეტეს, ის რაც თავიდან ერთგვარი სახით იყო შემოთავაზებული, მაინც რჩება მოცემულობად და ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.
ამ ეტაპზე, რთულია პირდაპირ საუბარი. მე არ დავიწყებ საუბარს, რა რისკები შეიძლება ახლდეს, მით უმეტეს, ბევრი, პირი ვინც შეიძლება აქ ფიგურირებდეს, კომისიას ჯერ კიდევ არ გამოუკითხავს“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციები გააცნო.
დახურულ შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ ორ რეკომენდაციას, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ გასულ კვირას ისაუბრა. ეს ეხება ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და ასევე კონფლიქტში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისია აგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ ინფორმაციებზე, რომლებიც კომისიამ გასული ორი კვირის განმავლობაში მიიღო.
სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, თუმცა საბოლოოდ მას შემდეგ დააფიქსირებენ პოზიციას, რაც ამ რეკომენდაციებს დეტალურად გაეცნობიან.