სულხან სალაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება, რა პოზიციას დაიჭერს მოსამართლე ირაკლი შავაძის საკითხზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება, რა პოზიციას დაიჭერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის საკითხზე – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.
საია-ს თავმჯდომარე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლე ირაკლი შავაძის დაგეგმილ შეხვედრას.
სულხან სალაძის თქმით, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე მრავალი წელია საუბრობენ, თუმცა მისი აზრით, ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რომ სისტემურ პრობლემაზე უშუალოდ მოსამართლე საუბრობს.
„ჩვენ გუშინაც ვსაუბრობდით, რომ მნიშვნელოვანია, იყოს ამ პროცესის ღიაობა, ვინაიდან პრინციპში ყველა ის საკითხი, რომელზეც მხარეები ერთმანეთთან დაკავშირებით საუბრობდნენ ღიად იყო მედიაში დებატების ფორმატში ნათქვამი. ახლა მთავარი წონა გადადის, რა პოზიციას დაიჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ამიტომ ზედმეტი კითხვები რომ არ იყოს ამ პროცესთან დაკავშირებით, უმჯობესი იყო, რომ ეს სხდომა ყოფილიყო ღია მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
უკიდურეს შემთხვევაში, მისასალმებელი იქნება, თუკი დახურული შეხვედრაზე მოხდება სრული ვიდეოჩაწერა და შემდგომში განთავსება, ვინაიდან არაფერი განსაკუთრებული ჩვენ ამ პროცესიდან არ გაგვიგია, უბრალოდ საქმე ეხება იმას, რომ სისტემაში არსებულ პრობლემებზე მოსამართლე საუბრობს. ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია პრობლემებზე, ბუნებრივია, ამას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მეტი საჯაროობა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე პროცესების დახურულად წარმართვა“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.