სუფსის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსისთვის კვლევებს „ვორლეი პარსონს/ადვიზიანის“ და „არგუს მედია ლიმითედის“ საერთაშორისო ოფისები მოამზადებენ
კომპანია „ჯეოპარსი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ინსტიტუციურ ინვესტორებთან ურთიერთობის ახალი ეტაპის შესახებ აცხადებს.
კომპანიის ინფორმაციით, ინვესტორებისთვის, სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის BFS-ს (Breadth-first search) და ბაზრის სრულმასშტაბიან კვლევას, „ვორლეი პარსონს/ადვიზიანის“ და „არგუს მედია ლიმითედის“ საერთაშორისო ოფისები ამზადებენ.
„მოხარული ვართ, რომ „ჯეოპარსმა“ ჩვენ შეგვარჩია სუფსის 100 000 BPSD პეტროქიმიური კომპლექსის BFS-ის მოსამზადებლად. როგორც ცნობილია, კომპლექსი მეზობელი პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტირებულ ნედლ ნავთობს მოიხმარს საწვავის და სხვა პეტროქიმიური პროდუქციის საწარმოებლად. ჩვენ დავიქირავეთ „არგუს მედია ლიმითედის“ ბრიტანეთის ოფისი ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური პროდუქციის ბაზრის კვლევის მოსამზადებლად. ჩვენ ერთად ვქმნით ამ პროექტის სრულფასოვან ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც დაზღვეული იქნება ყველა ტიპის ტექნიკური და ფინანსური რისკისგან. ჩვენ ვამუშავებთ პროექტის ისეთ ოპტიმალურ კონფიგურაციას, რომ კომპლექსის ტექნიკური სპეციფიკაციები სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიო კლასის ტექნოლოგიურ სტანდარტებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ვაგრძელებთ მსხვილი და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა „ადვიზიანის“ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების ქიმიური მიმართულების დირექტორმა, ანტონ ტველენევმა.
„ჯეოპარსის“ დირექტორის, ლაშა ქორიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯეოპარსი“ საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებთან ერთად ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს.
„ივლისის ბოლოს ჩვენ გვექნება ბაზრის კვლევის შუალედური შედეგები, ოქტომბერში კი, უკვე სრული კვლევა. შესაბამისად, ოქტომბრიდან ვიწყებთ პროაქტიულ მუშაობას მსხვილ ფინანსურ ინსტიტუციებთან პროექტის განხორციელების დასაწყებად“, – განაცხადა ლაშა ქორიძემ.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1,5 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ლიბერალურმა საგადასახადო კოდექსმა, კორუფციის დაბალმა დონემ მსგავსი მსხვილი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად ხელსაყრელი ბიზნესგარემო შექმნა.