სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 56 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 56 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 56 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დაღუპულები არიან მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 600-მდე ადამიანი.

სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხართუმთან მდებარე „სწრაფი რეაგირების ძალების“ ბაზაზე. სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის დედაქალაქ ხართუმში, ასევე მიმდებარე ქალაქებში.

გუშინ „სწრაფი რეაგირების ძალების“ მებრძოლებმა განაცხადეს, რომ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე, არმიის მეთაურის რეზიდენცია, სახელმწიფო ტელევიზია, ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მეროვე, თუმცა არმია აღნიშნულ ინფორმაცია უარყოფს.

სუდანის საჰაერო ძალები მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, ვინაიდან სამხედროები „სწრაფი რეაგირების“ ძალების ქმედებების აღსაკვეთად ოპერაციას ატარებენ. სუდანის არმია უარს აცხადებს „სწრაფი რეაგირების ძალებთან“ მოლაპარაკებებზე გასამხედროებული დაჯგუფების დაშლამდე.

2021 წელს გენერალ ალ ბურჰანის ხელმძღვანელობით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სუდანს, სუვერენული საბჭოს მეშვეობით, სამხედრო მაღალჩინოსნები მართავენ. როგორც „ბიბისი“ წერს, „სწრაფი რეაგირების ძალებს“ სუვერენული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, გენერალი მუჰამედ ჰამდან დაგალო ხელმძღვანელობს, არმიის სათავეში კი გენერალი აბდელ ფათაჰ ალ ბურჰანი დგას, რომელიც სუვერენული საბჭოს თავმჯდომარეა.

გასული წლის ბოლოს სამხედრო მეთაურებმა ხელისუფლების სამოქალაქო ჯგუფებისთვის გადაბარების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის გეგმა ორწლიან გარდამავალ პერიოდს მოიცავდა. სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება „სწრაფი რეაგირების ძალების“ არმიაში ინტეგრაციას ითვალისწინებდა. გასამხედროებული დაჯგუფება ამის ათი წლით გადავადებას ითხოვდა, თუმცა არმიის მეთაურობამ განაცხადა, რომ ეს ორი წლის ვადაში უნდა მოხდეს.