სტუდენტი - განათლების მინისტრისგან მივიღეთ პასუხი, რომ „ჰიპოკრატეს“ ნებისმიერი სტუდენტი სასურველ უნივერსიტეტში ბარიერის გარეშე ჩაირიცხება
ძალიან რთულია, როცა სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში სწავლობ, უცებ იგებ, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია უჩერდება და ახალ გარემოსთან შეგუება გიწევს, – ამის შესახებ სტუდენტმა, უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ თვითმმართველობის პრეზიდენტის მოადგილემ, მარი მარიხაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სტუდენტების 90%–ის მოთხოვნა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სწავლას სად გავაგრძელებთ. განათლების მინისტრმა გვითხრა, რომ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მზად არის, ყველა სტუდენტი მიგვიღოს. ეს მობილობის წესით მოხდება და ჩვენ წელს არ დავკარგავთ. ასევე მინისტრისგან მივიღეთ პასუხი, რომ „ჰიპოკრატეს“ ნებისმიერი სტუდენტი სასურველ უნივერსიტეტში ბარიერის გარეშე ჩაირიცხება“, – განაცხადა სტუდენტმა.
მისი თქმით, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ ავტორიზაციის შეჩერება მოულოდნელი იყო.
„ექსპერტების დასკვნით, სხვა უნივერსიტეტში ჩვენთვის უკეთესი განათლების მისაღებად გადავყავართ. გაიჟღერა არასწორმა ინფორმაციამ, რომ ავტორიზაციის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ბიბლიოთეკის რესურსის უქონლობა იყო, რასაც უარვყოფ, რადგან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ამიღია და მისარგებლია ნებისმიერი წიგნით, რომელიც პირადად მომითხოვია.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, სტუდენტები ცდებს ერთმანეთზე ვაკეთებდით, რაც ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ჩვენ გვქონდა მულაჟები და შესაბამისად, პრაქტიკული მეცადინეობა ამ მულაჟებზე ხდებოდა“, – განაცხადა მარი მარიხაშვილმა.