სტუდენტები აქციას მართავენ - ვერ ვიქნებით კონკრეტული პარტიების მხარდამჭერები, რომლებმაც თავი ძალადობრივი პოლიტიკით და ნულოვანი ტოლერანტობით დაგვამახსოვრეს [ფოტო, ვიდეო]
სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციას მართავენ და პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან.
„ჩვენთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის მიუღებელია მოცემული პოლიტიკური კლასის მიერ გატარებული პოლიტიკა. ყველა ძალა პასუხისმგებელია როგოც გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე მთელ პროცესზე, რომელმაც არსებულ კრიზისამდე მიგვიყვანა.
გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ბრაზი და იმედგაცრუება ყველაზე ძლიერი კოლექტიურად გაზიარებული განცდაა ჩვენს საზოგადოებაში. ამ აფექტმა უამრავი ახალგაზრდა და სტუდენტი გამოიყვანა დღეს ქუჩაში. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომელებმაც ომები, კრიზისები, სიღარიბე გამოვცადეთ საკუთარ თავზე, ჩვენ ვართ იმედგაცრუებული მშობლების მიერ გაზრდილი თაობა.
ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული პარტიების და მათი სატელიტების მხარდამჭერები, რომლებმაც თავი ძალადობრივი პოლიტიკით, არაჰუმანური მოპყრობით, ნულოვანი ტოლერანტობით და უთანასწორობით დაგვამახსოვრა“, – აცხადებენ სტუდენტები.
მათ საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს და აქვე აღნიშნეს, რომ ემიჯნებიან პოლიტიკური პარტიების აქციებს.
„ჩვენ ვერ ვიქნებით იმ პოლიტიკური კლასის მხარდამჭერები, რომელმაც ვერ და არ გადაიაზრა წარსული გამოცდილება. უფრო მეტი, მათი პოლიტიკის პირდაპირი გამგრძელებლებად მოგვევლინა – მეტი სიღარიბის, უთანასწორობისა და უსამართლობის მხარდაჭერით, რომლის კულმინაციაც საკუთარ ხალხთან ომის გამოცხადება და ადამიანთა სხეულების დასახიჩრებისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა იყო.
გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა:
1. ვითხოვთ, სამოქალაქო სიმშვიდის და უსაფრთხოების შენარჩუნებას
2. ვითხოვთ, მოხდეს გუშინ დაკავებული ახალგაზრდების დაუყოვნებლივი განთავისუფლება – მაქსიმუმ 24 საათში;
3. ვითხოვთ, პასუხი აგოს ყველა იმ ძალოვანმა, პოლიტიკოსმა თუ პარტიამ, ვინც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და მონაწილეობდა პროვოკაციების მოწყობაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი და ლექტორი კი არ შევერევით მიმდინარე აქციებს არამედ დავიკავებთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, სამოქალაქო მშვიდობის დასაფუძნებლად.
ჩვენ არ გავხდებით არც ერთი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის ინსტრუმენტები და არ მივცემთ არავის უფლებას თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ახალგაზრდული ძალა. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა და ისტორია წრეზე ბრუნავს. ჩვენი თაობა ამ მანკიერ წრეს გაარღვევს და დაამტკიცებს, რომ არაძალადობრივი მოქმედებებით არის შესაძლებელი ალტერნატივების შექმნა და ხელშეწყობა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და პოლიტიკური მანიპულაციებისგან თავისუფალ თაობას! ქვეყნის განვითარებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადეს სტუდენტებმა.