სტუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის CARYS-ის საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების რაოდენობით ლიდერია
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – უნივერსიტეტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების CARYS საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების რაოდენობით ლიდერის პოზიციას იკავებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა CARYS წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (GENIE – Georgia National Innovation Ecosystem) ნაწილს, რომელსაც, საქართველოს მეცნიერების ისტორიაში პირველად, ახორციელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული 2016 წლის 28 მარტის სასესხო ხელშეკრულების თანახმად. CARYS საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი არის უპრეცენდენტო – 3 000 000 აშშ დოლარი. სულ დაფინანსდა 36 პროექტი, აქედან შვიდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრების დიდი წარმატება.
„მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რაოდენ დიდია ქართული ტექნიკური მეცნიერების პოტენციალი არა მხოლოდ ფუნდამენტური, არამედ ინოვაციური გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. მათ მიერ შემუშავებული თითოეული პროექტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელია და უდავოდ დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის აღმასვლასა და განვითარებაში“,- განაცხადა გურგენიძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტების სამეცნიერო პოტენციალი შეაფასეს ESF (European Science foundation) ექსპერტებმა, რომელთა ძირითადი ნაწილი Horizon 2020-ის ექსპერტია, ხოლო დასკვნითი, მესამე ეტაპი შეაფასა მსოფლიო ბანკთან ერთად შერჩეულმა ხუთმა უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც საუკეთესო ექსპერტებად არიან აღიარებულნი გამოყენებითი კვლევების ტექნოტრანსფერის სფეროში. საგრანტო პროგრამის დიზაინის ძირითადი ასპექტები აღებული იყო ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო-პროგრამა Horizon 2020-ის უახლესი და სამომავლო ტექნოლოგიების განვითარების (FET) კონკურსიდან.
დავით გურგენიძის განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზის ასეთი მაღალი დონე კიდევ უფრო ღირებულს ხდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა დიდ წარმატებას.
„უღრმესი მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს უდიდესი მხარდაჭერისათვის, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების მიუხედავად. მათი ძალისხმევის შედეგად შეძლეს ქართველმა მკვლევრებმა ამ უპრეცენდენტო შესაძლებლობის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, თავისი შესაძლებლობების გამოვლენა და ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის დადება“, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.