რუსთაველის ფონდი სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს
რუსთაველის ფონდი სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2022 წელს სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა და საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი მიზნობრივი კონკურსი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან ქართული ენის მკვლევრებთან ერთად, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.

„მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, საკონკურსო დებულების შემუშავებისა და დახვეწის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში მონაწილეობას სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად მიიღებს.

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციის, ტერმინოლოგიის, ენობრივი ტექნოლოგიებისა და რესურსების შექმნასა და განვითარებას, ქართული და ქართველური, ასევე, ეთნიკური უმცირესობების ენების კვლევისა და დოკუმენტირების საკითხებს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიზნობრივი კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 240 000 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში ოთხი პროექტი დაფინანსდება.

„აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროგრამა შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან.

სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ენის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა განისაზღვრა: ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა; ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე; ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა; საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა“, – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.