სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მომუშავე პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება 72 საათში ერთხელ ჩაუტარდება
სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მომუშავე პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება 72 საათში ერთხელ ჩაუტარდება

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მომუშავე პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება 72 საათში ერთხელ ჩაუტარდება.

ადამიას თქმით, ასეთ ობიექტებზე მომუშავე ადამიანებს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციაში გადასვლა არ მოუწევთ და ისინი ყოველ სამ დღეში ტესტირებას ჩაიტარებენ.

„ეს არის 72-საათიანი ტესტირების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ სამ დღეში ერთხელ იტესტება პირი. ეს არის განსაკუთრებულ სტრატეგიულ ობიექტებზე მომუშავე პერსონალის შემთხვევაში, რომელიც პრაქტიკულად შეუცვლელი კადრია. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები იზოლაციაში დავსვათ, უბრალოდ სამ დღეში ერთხელ ტესტირების საშუალებით შევეცდებით, გამოვავლინოთ, თუ მათ რამე რისკი აქვთ და დავიცვათ მათი გარშემომყოფები. თუ სამდღიანი ტესტირების ფარგლებში რამე გამოვლინდება, შეგვიძლია, ჩავხსნათ და არა უბრალოდ 10 დღის განმავლობაში იზოლაციაში ვამყოფოთ. ეს ღონისძიება ახლა დაემატა, თუმცა ჩვენ 72 საათში ერთხელ ტესტირებას ვიყენებდით მაგალითად, სატვირთო მძღოლების შემთხვევაში, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და მოძრაობენ. მათ კარანტინში ვერ დავსვამდით იმიტომ, რომ ეს მოძრაობა აუცილებელია ტვირთებისთვის. ზუსტად იმავე მექანიზმით, სტრატეგიულ ობიექტებზე მომუშავე ადამიანების შემთხვევაში გამოვიყენებთ ამ პროცესს“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

№975 განკარგულებაში შესული ცვლილების თანახმად, „სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე დასაქმებულებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, მათთან კონტაქტში მყოფი სხვა დასაქმებულების საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად, აღნიშნულ კონტაქტებს ტესტირება ჩაუტარდებათ 72 საათში ერთხელ, სიმპტომების მიუხედავად.

განკარგულების თანახმად, სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებს შორისაა: სამედიცინო დაწესებულებები, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, საქართველოს სასამართლოები, შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, იურიდიული დახმარების სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საუბნო/საოლქო კომისიები, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ და სხვ.