„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ვეთანხმებით ოპოზიციური პარტიების წერილის სულისკვეთებას, თუმცა მოლაპარაკებების წინ მისი გავრცელება ტაქტიკური შეცდომაა
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვეთანხმებით ოპოზიციური პარტიების წერილის სულისკვეთებას, თუმცა მოლაპარაკებების წინ მისი გავრცელება ტაქტიკური შეცდომაა, – ამის შესახებ განცხადებას თავად პარტია ავრცელებს.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, განცხადების გავრცელება ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.
„სტრატეგია აღმაშენებელი” ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.
მეგობრებო, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ – საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს. შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს, რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი, რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.
ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მნიშვნელოვანია არა ის, რა უფრო სასარგებლოა ოპოზიციის ან ხელისუფლებისთვის, არამედ ის, თუ რა გამოიყვანს საქართველოს შექმნილი კრიზისიდან და როგორ მოიგებს ამ ყველაფრით ქვეყანა, რომ ყველა ერთად, რაც შეიძლება მალე გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ“, – აღნიშნავენ „სტრატეგია აღმაშენებელში“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: ზურა ჯაფარიძე – „გირჩი მეტი თავისუფლება“, „ლელო“, ელენე ხოშტარია – „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „პროგრესი და თავისუფლება“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, პარტია „ტრიბუნა“, ასევე „პროგრესი და თავისუფლება“, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, „ერთიანი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „სამართლიანობისთვის“, „კანონი და სამართალი“.
ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ ერთობლივ განცხადებას არ უერთდება. მისი თმით, მოლაპარაკებების წინ წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი.