„სტრატეგია აღმაშენებელი“ სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონში ცვლილებებს აინიცირებს
„სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არსებულ კანონმდებლობაში სახელმწიფო პენსიების შესახებ ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
ოპოზიციური პარტიის კანონპროექტის მიხედვით, პენსიონერს უფლება აქვს, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება.
„საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას „ლიბერთი ბანკი“ ფლობს. მას არ ჰყავს კონკურენტი. შესაბამისად, ბაზარზე პირობებს სწორედ „ლიბერთი ბანკი“ ადგენს. „ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65 პროცენტს შეადგენს. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – პენსიონერები იღებენ. რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
ამ პრობლემის გამომწვევ მთავარ მიზეზს პენსიის გაცემის უფლების ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მონოპოლიზება წარმოადგენს. თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც. პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს. ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს თუნდაც პენსიონრების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და მიზერულ პენსიას, დანაკლისით იღებენ. სწორედ ასე იქცევა „ლიბერთი ბანკიც“.
ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელ ბანკში დაერიცხება ხელფასი და ამ ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მას შეუძლია, გადავიდეს სხვა ბანკში, სადაც იქნება მისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, უფრო დაბალი განაკვეთი სახელფასო ავანსზე. პენსიონერსაც უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. მსგავსი კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში ცვლილებების შეტანა და მისი ახლებურად ჩამოყალიბება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.