გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლი“ რუსთავში კანდიდატს არ დააყენებს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს გამორიცხავს
გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით რუსთავში არ იქნება წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იმის მიუხედავად, რომ წარდგენას ვფიქრობდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე ძალიან კარგი ადამიანი და ღირსეული ქართველია, რომელსაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის.
„როგორ ჩავერთვებით პროცესში? – როგორც მინიმუმ კომისიის წევრებით, სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. საპარლამენტო არჩევნების დროს, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რუსთავში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვქონდა და ყველას მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან ჩვენ შევძელით და თვითმმართველობებში მოვახდინეთ მონოპოლიური ძალაუფლების რღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკრებულოებში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას და რუსთავში მონოპოლიური ძალაუფლების რღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადავდგამთ, ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს.
„ნაცმოძრაობასთან“ ჩვენი ალიანსი გამორიცხულია, არავისთან ალიანსს არ ვაპირებთ. ეს არის კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი, კონკრეტული კანდიდატით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, როცა ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის დამოუკიდებელი პარტია და არ ვაპირებთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს და მათთან ერთად არც ერთ კამპანიაში მონაწილეობას. გიორგი ვაშაძეს ვერსად ვერ ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, თუნდაც შუალედურ არჩევნებში, საერთო კამპანიაში. ეს არის ჩვენი მიდგომა, რადგან ქვეყანას სჭირდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“, – განაცხადა ვაშაძემ.