სტრასბურგში ყვითელჟილეტიანებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
სტრასბურგში, ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, არეულობის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიებზე შეღწევას ცდილობდნენ, სადაც დემონსტრაციების გამართვა აკრძალულია, მათ შორის იყო ევროპარლამენტის შენობა. რამდენიმე ათეული აქტივისტი ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდა.
სამართალდამცველებმა ვითარების განეიტრალების მიზნით ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არეულობის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, სტრასბურგში ყვითელჟილეტიანების მიერ აქამდე გამართული ყველა აქცია მშვიდობიანი იყო.
მოძრაობა ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები დღეს საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, თუმცა გასულ კვირასთან შედარებით აქციები საკმაოდ მცირემასშტაბიანი იყო.