სტრასბურგის სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს პრესრელიზში სათაურით, „უპრეცედენტო ძალადობა ლგბტ დემონსტრანტების წინაღმდეგ სახელმწიფოს წაქეზებით“, აღნიშნულია, რომ განაჩენის გამოტანის დროს არ იყო გადამწყვეტი ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა 27 მომჩივანს ფიზიკური დაზიანება, რადგან ისინი დიდი მღელვარების და ემოციური სტრესის სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
სასამართლოს თანახმად, დემონსტრანტები მათზე მრავალრიცხოვანმა ბრბომ ალყაში მოაქცია, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სადაც მთავარ როლს ჰომოფობია თამაშობდა. განაჩენის მიხედვით, ასეთი ვითარება არ იყო თავსებადი მათი ადამიანური ღირსების პატივისცემასთან და მიაღწია სიმძიმის ზღვარს, რომ საჩივრები მოექცეს მე-3 და მე-14 მუხლების ფარგლებში (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; დისკრიმინაციის აკრძალვა).
სასამართლოს დასკვნით, სისხლის სამართლის ორი ცალკეული საქმის გახსნის მიუხედავად, ხელშესახები შედეგები ვერ იქნა მიღწეული.
„ამგვარმა გაჭიანურებამ გამოავლინა ხელისუფლების დიდი ხნის წარუმატებლობა – შესაძლოა სურვილის არქონა – გამოიძიოს ჰომოფობიური და/ან ტრანსფობიური ძალადობა. აუცილებელია, რომ ხელისუფლებას გამოეკვლია შესაძლებლობა, რომ დისკრიმინაციამ ითამაშა როლი დანაშაულის ჩადენაში, იმ დროისთვის საქართველოში ლგბტ თემის წინააღმდეგ კარგად დოკუმენტირებული მტრობის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა სათანადო გამოძიება 27 მომჩივნის მიმართ სიძულვილით მოტივირებული არასათანადო მოპყრობის შესახებ, რაც არღვევდა კონვენციის მე-14 მუხლთან ერთად მე-3 მუხლს“, – აღნიშნულია დასკვნაში.
სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია არათუ არ რეაგირებდა კონტრდემონსტრანტების მიერ კორდონების გარღვევაზე, არამედ ზოგან ფაქტობრივად გახსნა კიდეც კორდონი.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებას არასოდეს დაუყენებია პრიორიტეტად განმცხადებლების დასაცავად ეფექტური ზომების მიღება. მათ არ შეაფასეს ღონისძიების დაგეგმვის ფაზაში საჭირო რესურსები და თავიანთი როლი შემოფარგლეს დაშლის გეგმის შემუშავებით. ამიტომ სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებები“,- აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.