სტოლტენბერგი - საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად
მონტენეგროს ალიანსში მიღებით ნატო-მ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ, პირველ არხს განუცხადა.
„მადლობელი ვართ საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერებით, ინფორმაციის გაცვლით. შავი ზღვა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. გაიზარდა რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ყირიმში. გაიზარდა რუსეთის ძალები შავ ზღვაზე და ჩვენ გვინდა, რომ ნატო-ც ფართოდ იყოს შავ ზღვაზე წარმოდგენილი. რაც შეეხება ღია კარის პოლიტიკას, მონტენეგროს მიღებით ნატო-მ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ღია კარის პოლიტიკის ერთგულია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. აღინიშნა, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას და ჩვენ საქართველოს ამ გზაზე მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.