სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტის ინფორმაციით, ჩინეთმა გაყიდული შეიარაღებით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა
სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტის ინფორმაციით, ჩინეთმა გაყიდული შეიარაღებით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა

ჩინეთმა გაყიდული შეიარაღებით, მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით პეკინმა მოსკოვს გადაასწრო და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ინფორმაციას სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტი ავრცელებს. კვლევა 2015-და 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს სანდო ინფორმაციის მოპოვება ოთხი ჩინური კორპორაციის მიერ წარმოებული და გაყიდული შეიარაღების შესახებ.

ეს კორპორაციები, სავარაუდოდ, მსოფლიოში 20 ყველაზე მსხვილი კომპანიის რეიტინგში მოხვდებიან. მათ შორის არის ავიატექნიკის მწარმოებელი „ავიეიშენ ინდუსტრი კორფორეიშენი“, ასევე სახელმწიფო კორპორაცია „ნორინკო“, რომელიც დაჯავშნულ ავტომობილებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებს, რადარებისა და სხვა ელექტრონული აღჭურვილობის მწარმოებელი „ჩინა ელექტრონიქსი ტექნოლოჯი გრუფი“ და „ჩინა საუთ ინდუსტრის გრუფი“, რომელიც სამხედრო ავტომობილებს აწარმოებს.

კვლევის მიხედვით, ჩინური კომპანიების მიერ გაყიდული იარაღის ჯამური ღირებულება 54,1 მილიარდ დოლარს აღწევს.

ამასთან, ექსპერტებმა ჩინური გემთმშენებელი კომპანიების მიერ გაყიდული ტექნიკის შესახებ სანდო ფინანსური ინფორმაციის მიღება ვერ შეძლეს. თუმცა, მათ მიერ შეგროვებული მონაცემებიც კი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჩინური კომპანიები უფრო მეტ გემებს აწარმოებენ, ვიდრე მათი კონკურენტები აშშ-სა და ევროპაში.