სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ შვიდი სახლია
სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ შვიდი სახლია

სოფელ ჭუბერში სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ შვიდი სახლია, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა, რომელიც უკვე მეორე დღეა ჭუბერში იმყოფება.

მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბარი ჯერ ადრეა. დანგრეულია ოთხი სახლი, დამხმარე და სათავსო ნაგებობები.

„დანგრევის საფრთხე შვიდ სახლს ემუქრება. მიყენებულ ზარალზე კი, საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ვიცით, რომ დანგრეულია ოთხი სახლი, უამრავი დამხმარე ნაგებობა და სათავსო“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია, მდინარე თითქმის ყოველ წუთს იცვლის კალაპოტს და სხვადასხვა სოფელში გზის სავალ ნაწილზე გადმოდის.

„მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს სოფელ ჭუბერის ერთ ნაწილში, სადაც მდინარის წყალმა შესაძლოა, საშიშროება შექმნას. ვითარება კვლავ რთულია. მდინარის დონე ჯერ არ იკლებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  დაახლოებით ერთი საათის წინ, ჭუბერში მდინარემ კიდევ ერთი, ორთსართულიანი სახლი წაიღო.

ჭუბერში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.