ჭუბერში მდინარემ ორსართულიანი სახლი წაიღო [ფოტო]
ჭუბერში მდინარემ ორსართულიანი სახლი წაიღო [ფოტო]

ჭუბერში მდინარემ ორსართულიანი სახლი წაიღო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ჭუბერიდან იუწყება. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველმა ჯონი ცინდელიანმა პირველი არხს განუცხადა, ადიდებულმა მდინარემ ჯერ შინაური ცხოველების სადგომი წაიღო, ხოლო შემდეგ – ორსართულიანი სახლი.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით,ოჯახი უსაფრთხო ადგილას იყო გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ მაშველები.

ამ დროისთვის ჭუბერში არ წვიმს, თუმცა სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში ნალექს ელოდებიან.

სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, შექმნილ სიტუაციას სრულად აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა.

სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა – თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.