Starring Georgia-მ ორწლიანი კამპანია შეაჯამა
Starring Georgia-მ ორწლიანი კამპანია შეაჯამა

სოციალურ სივრცეში Starring Georgia-ს შემაჯამებელი საღამო გაიმართა. Black Sea Arena-ს წარმომადგენლებმა ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ამ პერიოდში შექმნილი ახალი პროდუქტები წარმოადგინეს.

სახელმწიფოს ორწლიანი მასშტაბური მუსიკალური კამპანიის ფარგლებში რვა ღონისძიება ხუთ ლოკაციაზე გაიმართა, რომელსაც, ჯამში, 125 000-მდე მელომანი სტუმრობდა. მათ შორის იყო 18 750 ტურისტი, რომელმაც ქვეყანაში 60 მლნ ლარი დახარჯა. ეს ის შემოსავალია, რომელიც მომიჯნავე სექტორებმა და იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს. სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლების განცხადებით, Black Sea Arena-ს ღონისძიებებს მათი ბიზნესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. განსაკუთარებით იმ პირობებში, როცა Starring Georgia-ს ღონისძიებები გასცდა ზაფხულის აქტიურ სეზონს და მოიცვა როგორც გაზაფხული, ისე შემოდგომა.

„სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ მასშტაბების და შედეგების მიღება, რასაც ორი წლის თავზე ვითვლით“, – აცხადებენ Starring Georgia-ში.

მათივე განცხადებით, სახელმწიფოს დაფინანსებით, Black Sea Arena-მ შეიძინა:

  • საერთაშორისო სტანდარტის სცენა EUROTRUSS PR15PRO
  • 500 განათების უახლესი სისტემა ClayPaky და GLP
  • 3 გენერატორი Caterpillar GC1100
  • 9 000 კვმ საფარი სტადიონებისთვის Terraplas
  • 2 გახმოვანების კონსოლი Quantum 338
  • 2 განათების კონსოლი Grandma3
  • Scaffolding system Olan

„სწორედ ამ აღჭურვილობამ მისცა ქვეყანას საშუალება, ემასპინძლა ისეთი დიდი არტისტებისთვის, როგორებიც არიან Bruno Mars და Imagine Dragons, რომელთაგან ორივე კონცერტმა ქვეყნის ორი დიდი სტადიონი სრულად გაყიდა.

პროექტისთვის კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათმა ინვესტიაციამ Starring Georgia-ში 4 მლნ 900 ათასი ლარი შეადგინა. სხვადასხვა კომპანიის თანამონაწილეობამ დამატებითი კომფორტი და სრულიად ახალი გამოცდილება შეუქმნა ღონისძიებების მონაწილეებს, რისთვისაც Starring Georgia-ს მენეჯმენტი მათ განსაკუთრებულ მადლობას უხდის და მომავალში მათ საიმედო პარტნიორებად მიიჩნევს.

პროექტი Black Sea Arena-მ იმ გამოცდილების ერთ სივრცეში თავმოყრით შეაჯამა, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში დაგროვდა. ერთად მოუყარა თავი ყველა იმ კითხვასა და სურვილს, რომლებიც ღონისძიებების ვიზიტორებს ჰქონდათ და ბაზარზე მათი გადაჭრის გზა შემოგვთავაზა. წარმოგიდგენთ სრულიად ახალ პროდუქტს ადგილობრივი გასართობი ინდუსტრიის სფეროში –  STARRINGGEORGIA.ge. ვებგვერდი, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, უმარტივესად, სულ რამდენიმე დაწკაპუნების შედეგად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული გასართობი, შემეცნებითი და სათავგადასავლო აქტივობების და ღონისძიებების შესახებ“, – აცხადებენ Starring Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, STARRINGGEORGIA.ge ნებისმიერი ინტერესის მქონე მოგზაურს საგულდაგულოდ შერჩულ ადგილებს და აქტივობების ფართო არჩევანს სთავაზობს და აქ განთავსებული ექსკლუზიური შეთავაზებებით და ფასდაკლებებით საქართველოში მოგზაურობა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე გახდება.

„Starring Georgia-ს ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად ორი წლის განმავლობაში არაერთი საინფორმაციო კამპანია განხორციელდა, რომელმაც ადგილობრივ დონეზე მოიცვა ქვეყნის 18 ბილბორდი, 30 მონიტორი, 4 მეტროსადგური, 7 ავტობუსის გაჩერება, 3 აეროპორტი, 70 სამარშრუტო ტაქსი, საქართველოში არსებული ყველა კინოთეატრი, დაიხატა და ტურისტულ ადგილებში გაიკრა 30 000-მდე პოსტერი.

ციფრული მარკეტინგული კამპანია კი გასცდა საქართველოს საზღვრებს და თავისი წყაროებით მოიცვა 10-მდე მეზობელი ქვეყანის აუდიტორია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ხმა მიაწვდინა 4 მილიონამდე უნიკალურ მომხმარებელს მთელ მსოფლიოში, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების საქმეში Starring Georgia-ს მოკრძალებული წვლილია.

შთამბეჭდავია მედიაგაშუქების ციფრებიც: ადგილობრივ მედიაში დაიწერა 100-ზე მეტი სტატია; Starring Georgia-ს წარმომადგენლები სტუმრობდნენ 30-მდე სატელევიზიო გადაცემას. პროექტის შესახებ ინფორმაცია რადიოსადგურებში 15-ზე მეტი სარეკლამო და ინფორმაციული კამპანიის სახით გაჟღერდა. მომზადდა რამდენიმე ათეული რეპორტაჟი – ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო გამოშვებებსა და გადაცემებში, რომელთა აუდიტორიაც, ჯამში, 500 000 ადამიანს გასცდა.

საერთაშორისო მედიაში 10-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა. Starring Georgia-სთვის განსაკუთრებულად საამაყოა საერთაშორისო პარტნიორების Clay Paky & EuroTruss გამოხმაურება“, – განაცხადეს Starring Georgia-ში.