სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად ბოლო მონაცემებით, 139 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სტამბოლის მერმა, ალი ერლიკაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულები 18 საავადმყოფოში არიან გადანაწილებულები. დაშავებულებს შორის ორივე მფრინავია.
სტამბოლის მერის განცხადებით, თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე 30 მეტრის სიმაღლიდან დაეცა.
ავიაკომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი სამზგავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა, რეისს იზმირიდან ასრულებდა. თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რა დროსაც დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ცეცხლი წაეკიდა და დაიშალა. მგზავრებს შორის იმყოფებოდა ორი ჩვილი.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად უამინდობა სახელდება.