შალვა პაპუაშვილი - კინოთეატრებში შეზღუდვა იქნება ასაკობრივი, რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე
შალვა პაპუაშვილი - კინოთეატრებში შეზღუდვა იქნება ასაკობრივი, რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული ერთ-ერთი რეგულაცია, რომელიც ეხება ინტიმური სცენების შეზღუდვას, არ ვრცელდება თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე.

პაპუაშვილის თქმით, რეგულაცია ეხება მხოლოდ მაუწყებლებს, ხოლო კინოთეატრებში შეზღუდვა იქნება ასაკობრივი.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია კანონის პროექტის დისკრედიტირებას ცდილობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას უჭირს პირდაპირ პოზიციის დაფიქსირება კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, ხვდებიან, რომ სახალხო კანონია, მათ შორის, მათივე ამომრჩევლების მიერ მხარდაჭერილი, მეორე მხრივ კი, ვალდებულებები აქვთ უცხოელი მფარველების მიმართ, ცდილობენ, რაღაც ხრიკებით დაიწყონ დისკრედიტირება ან რაღაც თემების მოფიქრება კანონთან დაკავშირებით. მაუწყებელთან დაკავშირებით ვრცელდება, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები, მხოლოდ ამ მხრივ ეხება მაუწყებლებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მაუწყებლებს, ტელევიზიებს ეხებათ ეს რეგულაცია. რაც შეეხება მხატვრულ თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგალითად, კინოთეატრებში ფილმების გაშვებას, იქ შეზღუდვა იქნება ასაკობრივი, ანუ არასრულწლოვანების, 18 წლამდე ასაკის პირთა არდაშვება ისეთ ფილმებზე, სადაც ინტიმური სცენებია. ინიცირებული პროექტით რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებზე, მხატვრულ ლიტერატურაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი გუშინ დააინიცირა.