შალვა პაპუაშვილი - „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ, უცხოელმა აქტორებმა ბოდიში მოუხადონ მოსამართლეებს შავი კამპანიისთვის და შემდეგ ილაპარაკონ, რა არის გასაკეთებელი ქართულ სასამართლოში
„ენჯეოებმა“, ოპოზიციამ, უცხოელმა აქტორებმა, მათ შორის ზოგიერთი საელჩოს წარმომადგენელმა, ბოდიში მოუხადონ მოსამართლეებს შავი კამპანიისთვის და შემდეგ ილაპარაკონ, რა არის გასაკეთებელი ქართულ სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ქონების გადამოწმება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ხორციელდება და ქონებრივ დეკლარაციებს მოსამართლეებიც ავსებენ.
„ტყუილია, თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს „ვეტინგის“ სისტემის ჩატარებას. სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას. ამაზე მქონდა დღეს განცხადება. საქართველო რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით. ნახეთ ნებისმიერი ანგარიში სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით, როგორია კორუფციის დონე ალბანეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვა სტრუქტურებში. ნახეთ, როგორი არის ფინანსების გამჭვირვალობა ამ ქვეყნებში. მათ შორის, „ვეტინგი“ ძირითადად შეეხება ქონების გადამოწმებას. ჩვენთან ქონების გადამოწმება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიმდინარეობს დეკლარაციების მეშვეობით. მოსამართლეებიც ავსებენ დეკლარაციას და დღესაც მონიტორინგში მოხვედრილი არიან იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი და 26 მოსამართლე, რომლებიც წელს გაივლიან მონიტორინგს, მათი ქონება და შემოსავალ-გასავალი დაექვემდებარება მონიტორინგს, ისევე როგორც შარშანაც იყვნენ მონიტორინგში.
წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. მათ შორის, ამ კამპანიისთვის ხშირად გამოიყენებოდა ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები. შეგიძლიათ მოიძიოთ, ფილმები იყო გადაღებული სპეციალურად და კლიპები კეთდებოდა, კამპანიები ეწყობოდა, რათა ძირი გამოეთხარათ ქართული მართლმსაჯულებისთვის და სახელი გაეტეხათ მისთვის. სამწუხაროდ, დონორების ფულის ნაწილი ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან ქართული მართლმსაჯულების ძირგამომთხრელ საქმიანობას ხმარდებოდა. ამან გარკვეული გავლენა იქონია ზოგიერთის აღქმებში. ყველა საქმეში, რომელსაც ასახელებდნენ, როგორც მაგალითს პოლიტიკური მართლმსაჯულების, კორუფციის თუ ასე შემდეგ, ყველგან გამართლდა ქართული მართლმსაჯულება. გამტყუნდა ყველა ის „ენჯეო“ თუ უცხოელი აქტორი, რომელიც საქართველოს სასამართლოს, მოსამართლეებს აბრალებდა, რომ ისინი იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რა საქმეებია ესენი: „რუსთავი 2-ის“ საქმე, ახალაიას, მელიას, სააკაშვილის საქმეები. წლები მიმდინარეობდა ამაზე კამპანია. „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს წინააღმდეგ ხუთი წელი „შავი პიარი“ მიმდინარეობდა „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით. ამ საქმეში ჩართულ მოსამართლეს პირდაპირ თავს ესხმოდნენ როგორც მოპასუხე, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. ხუთი წლის თავზე სტრასბურგამდე მივიდა საქმე და სტრასბურგმა თქვა, რომ ნიკა გვარამია ცდილობდა, მედიის გამოყენებით ზეგავლენა მოეხდინა მართლმსაჯულებაზე, ჩარეულიყო მართლმსაჯულებაში. ეს კამპანია მიმართული იყო მართლმსაჯულების წინააღმდეგ.
ამიტომ ყველა „ენჯეომ“, უცხოელმა აქტორებმა ან სხვებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული და ითხოვენ „ვეტინგს“, ჯერ ბოდიში მოიხადონ შავი კამპანიისთვის, რომელიც უცხოური ფულით აწარმოეს ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ბოდიში მოუხადონ ყველა მოსამართლეს, ქალ თუ კაც მოსამართლეს, რომელსაც აბრალებდნენ კორუმპირებულობას, პოლიტიზებას. ყველა ამ „ენჯეომ“, ოპოზიციამ და უცხოელმა აქტორებმა, მათ შორის ზოგიერთი საელჩოს წარმომადგენელმა, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართველ მოსამართლეებს და შემდეგ ილაპარაკონ, რა არის გასაკეთებელი ქართულ სასამართლოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.