სსფ - აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში გადმოსარიცხად დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასა და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე, – ამის შესახებ სსფ-ის მიერ ორგანიზაციის მისიის დასრულების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბიუჯეტში გადმოსარიცხად, COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სსფ-ს მიერ დაფინანსების ზრდა ხელს შეუწყობს მყისიერი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას, სხვა დონორების თანხის მოზიდვას და შემდგომ აღმავლობას.
ამასთან, სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიისა და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენის შესაკავებლად.
ქვეყანაში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე და პროგრამის თანხის გაზრდაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარე წლის 1-13 აპრილს გამართა.