სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს.

საუბარია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ სიაში 60-70% მუსლიმია. უნდა დადგინდეს მათი ვინაობა და შესაბამისად ჩატარდეს დაკრძალვის პროცედურები.

მუფთის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ცხედრების დნმ-ის ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდება, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ხელისუფლებას მიმართავს, დაკრძალვა სამოქალაქო წესით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდეს, რომელიც არცერთი რელიგიური ორგანიზაციის კუთვნილება არ იქნება. მისივე თქმით, დაკრძალვის დღე არ უნდა დაემთხვეს რომელიღაც რელიგიურ დღესასწაულს, ხოლო დაკრძალვისას არ მოხდეს რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენება.

„ვიცით, რომ სახელობით სიაში 600-ზე მეტი გვარია მოცემული, მაგრამ ამჟამად 150 ნეშტია ამოღებული. ძალიან რთული იქნება ამ პრობლემის უცებ მოგვარება და ყველა მათგანის დნმ-ის შესწავლა. ამიტომ, თუ გართულდება დადგენა, ვინ ვინ არის, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს ადამიანები ნეიტრალურ სასაფლაოზე დაკრძალონ, რომელიც არცერთი რელიგიური ორგანიზაციის კუთვნილება არ იქნება“, – აცხადებს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.