სპორტული ღონისძიებების გამო, საქართველოში რამდენიმე ქვეყნიდან ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა 1000 პროცენტს აჭარბებს
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურთა 7 507 517 ვიზიტი განხორციელდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე ქვეყნიდან ვიზიტორთა პროცენტული ზრდა განსაკუთრებით მაღალია.
მაგალითად, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს გაიანას მხოლოდ ერთი მოქალაქე ესტუმრა, წელს კი, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა (ზრდა 1900 პროცენტი). აფრიკული ბენინიდანაც შარშან ერთი მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, წელს კი. 14 (ზრდა 1300 პროცენტი). ანდორიდან შარშან 3 ვიზიტი განხორციელდა, წელს კი, 41 (ზრდა 1266 პროცენტი). ბრუნეიდან 2017 წელს ერთი ვიზიტი დაფიქსირდა, წელს – 13 (ზრდა 1200 პროცენტი).
საქართველოს წელს ისეთი ქვეყნების მოქალაქეებიც ესტუმრნენ, რომელთა ვიზიტი 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში არ დაფიქსირებულა. მათ შორის არიან სენტ-ვინსენტი და გრენადინები (4 ვიზიტორი) და კუნძული ნაურუ (7 ვიზიტორი).
აღნიშნულ მაჩვენებლები საქართველოში გამართულ სპორტულ ღონისძიებებს უკავშირდება. გაიანას, ანდორის, ბრუნეისა და ნაურუს გუნდები ბათუმში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. ოქტომბერში საქართველომ ფეხბურთში ანდორის ეროვნულ ნაკრებსაც უმასპინძლა. სწორედ წინა თვეში ჩამოვიდა ქვეყანაში 33 ანდორელი.