სპორტის სასახლეში გერმანელი მევიოლინის, დევიდ გერეტის კონცერტი გაიმართა.
მევიოლინემ ქართველი მსმენელის წინაშე, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ახალი ალბომი „UNLIMITED –LIVE 2019” წარადგა.
თითქმის სამსაათიან კონცერტზე ყველა ის კომპოზიცია შესრულდა, რომლითაც გერეტი პოპულარული გახდა. ყველაზე მეტად წინა რიგებში მსხდომ თაყვანისმცემლებს გაუმართლათ; მუსიკოსმა მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, ასევე ქართველი გოგონა სახელად ანა სცენაზე აიყვანა და ცნობილი კომპოზიცია „Ain’t No Sunshine“ მიუძღვნა.
კონცერტი The Beatles-ის „Hey Jude“-ის შესრულებით დასრულდა. საღამოს ბოლოს ორგანიზატორებმა დევიდ გერეტს სამსახსოვროდ თეთრი ჩოხაც გადასცეს.
დევიდ გერეტს 24 ოქროს და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგკონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანი და ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული.