სპილოები ერთმანეთს სახელებს არქმევენ და ისე მიმართავენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, სპილოები ერთმანეთს სახელებს ურჩევენ და ასე მიმართავენ.
ერთმანეთისთვის მიმართვა აქამდე მხოლოდ დელფინებსა და თუთიყუშებში იყო შემჩნეული, მაგრამ ისიც თავიანთ სახეობის სხვა წარმომადგენელთა ხმის მიბაძვის გზით. ადამიანების შემდეგ, სპილოები პირველი ცხოველები არიან, რომლებიც როგორც ჩანს, სახელებს იყენებენ და არ მიმართავენ იმიტაციას.
ახალი კვლევისთვის, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი გამოიყენა, რათა შეესწავლა კენიის სავანების ბინადარი სპილოების ორი ჯოგის დაძახილები.
კვლევის ავტორის, მაიკლ პარდოს განცხადებით, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, სპილოები არა მხოლოდ სპეციფიკურ ვოკალიზაციას იყენებენ თითოეულ ინდივიდთან მიმართებაში, არამედ ცნობენ და რეაგირებენ კიდეც მათდამი მიმართულ დაძახილზე, იმ დროს, როცა სხვებისადმი მიმართულ დაძახილებს უგულებელყოფენ.
მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს 1986-2022 წლებს შორის კენიაში, სამბურუს ეროვნულ ნაკრძალსა და ამბოსელის ეროვნულ პარკში ჩაწერილ სპილოთა „ღრიალებს“.
მანქანური დასწავლის ალგორითმის გამოყენებით გამოავლინეს 469 განსხვავებული დაძახილი, მათ შორის 101 სპილოების მიერ გაცემული იყო, 117 კი მიღებული.
სპილოები ძალიან ბევრნაირ ხმას გამოსცემენ, ხმამაღალი ღრიალიდან დაწყებული, ისეთი დაბალი ხმებით დამთავრებული, რომელთა აღქმაც ადამიანის ყურს არ შეუძლია.
დაძახილისას სპილოები სახელებს ყოველთვის არ იყენებდნენ. მაგრამ როცა იძახდნენ, ძირითადად მათგან შორ მანძილზე მყოფ ახალგაზრდა სპილოებს მიმართავდნენ.
ამას გარდა, სახელებს უფრო ხშირად ზრდასრულები იძახდნენ, ვიდრე პატარები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ განსაკუთრებული ტალანტის ათვისებას შეიძლება წლები სჭირდება.
კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირი დაძახილი იყო „ჰარმონიულად მდიდარი, დაბალი სიხშირის ბგერები.
როცა მკვლევრებმა სპილოებს მათი მეგობარი ან ოჯახის წევრი სპილოს მიერ მათთვის დაძახებული სახელის ჩანაწერი ჩაურთეს, ცხოველი პოზიტიურად და ენერგიულად შეეპასუხა.
თუმცა, იგივე ცხოველი ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა სხვების სახელის ჩანაწერის ჩართვას.
თუთიყუშებისა და დელფინებისგან განსხვავებით, სპილოები არ ახდენდნენ სასურველი მიმღების ხმის იმიტირებას.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სპილოები და ადამიანები ამჟამად ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი არსებები არიან, რომლებიც ერთმანეთს სახელებით მიმართავენ.
„მოვიპოვეთ მტკიცებულება, რომ სპილოები სხვებთან მიმართვისთვის იყენებენ არაიმიტირებულ ხმებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ აბსრტაქტული აზროვნება აქვთ“, — ამბობს მკვლევარი ჯორჯ ვიტემეიერი.
მკვლევართა განცხადებით, სახელის დაძახების ამ ნიჭის ევოლუციური წარმომავლობის დასადგენად უფრო მეტი კვლევაა საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ სპილოების წინაპრები პრიმატებსა და ვეშაპისნაირებს დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ გამოეყვნენ.
განსხვავებათა მიუხედავად, ადამიანებსა და სპილოებს მრავალი მსგავსება აქვთ; მაგალითად, დიდი ოჯახები მდიდარი სოციალური ცხოვრებით, რასაც მაღალგანვითარებული თავის ტვინი განსაზღვრავს.
კვლევა Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.