სპეციალური პენიტენციური სამსახური - მედიაში გასაჯაროებული კადრები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით, კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია
კადრები, რაც მედიაში გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია, – ამის შესახებ განცხადება მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება დღეს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც როგორც ეთერში ითქვა, N8 პენიტენციური დაწესებულების კონკრეტულ საკნებშია დამზადებული. პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერები, ვინაიდან პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას.
სამსახური მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს, თუმცა მხოლოდ ზოგ და არა ყველა საკანში და ეს ხდება პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და, შესაბამისად, კანონიერად. ამიტომაც, ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კადრები, რაც გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალური პროკურატურა გააკეთებს შესაბამის განცხადებას“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.