სპეციალური პენიტენციური სამსახური - დაავადებათა კონტროლის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის ტემპს საუკეთესოდ მიიჩნევს
სპეციალური პენიტენციური სამსახური - დაავადებათა კონტროლის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის ტემპს საუკეთესოდ მიიჩნევს

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე ვაქცინაციის ტემპს საუკეთესოდ მიიჩნევს.

„ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, ეს ეხებათ, როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს“, – ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

„შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში დაახლოებით ერთნაირია მოცვა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ასევე პატიმრებზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო დაბალია მოცვა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის შეფასებით, მართალია, პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, რადგან ვაქცინაციის ტემპიც გააქტიურებულია.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ( 9300 ბრალდებული/მსჯავრდებული) ბრალდებული/მსჯავრდებულთა 61,5% -ია აცრილი (5718 ბრალდებული/მსჯავრდებული), ხოლო რევაქცინირებულია ბრალდებული/მსჯავრდებულთა 39%, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, დაახლოებით 3 500-მდე თანამშრომლიდან აცრილია – 2423 – (69%), ხოლო რევაქცინირებულია – 1 833 –( 69%)

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პენიტენციურ სისტემაში ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ბრალდებულ/ მსჯავრდებულების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.